2011/05/30

პრომოთეიზმი 8

წიგნი „მუსტაფა 
ჩოკაი პრომეთეულ 
მოძრაობაში ( ფრანგულად)
დასკვნა: თურქ მემარცხენეთა დუმილი «მოძმე ხალხების» შესახებ :
შეიძლება ვცადოთ ამ პერიოდის ანალიზის მოხაზვა და ზოგადად გარკვევა იმისა თუ რამ განაპირობა პრომეთეელების ნაწილის, როგორც წესი დემოკრატების და ხშირად მემარცხენეების დაკავშირება ნაციზმთან ან ნაციზმის იმედის გაჩენა. რამ განაპირობა მოგვიანებით პრომეთეელების დადგომა თურქეთში ნაციონალისტურად განწყობილი რადიკალური მოძრაობების და პიროვნებების გვერდით.
პრომეთეელებს ათამაშებდნენ გარემოებები. ევროპული დიპლომატიური ისტორიის კონტექსტში ჩაძირულები ისინი დასჯაბნა სახელმწიფოთა ცინიზმმა. ეს სახელმწიფოები პრომეთეელებს მხარს უჭერდნენ მხოლოდ მაშინ როდესაც ეს მათთვის სასარგებლო იყო. პრომეთეელების სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი მათთვის მათი სახელმწიფოებრივი ინტერესები იყო.

გაუგებარია თუ რატომ მიაგდეს პრომეთეელები ერთა ლიგამ და დასავლეთის დემოკრატიებმა. ამან გამოიწვია დიდი და ძლიერი იმედგაცრუება.
  ლტოლვილი კავკასიელი თუ თურქულენოვანი ხელმძღვანელების ეროვნული ბრძოლა განუყოფელი იყო ბრძოლისგან ბოლშევიკების წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი თანდათანობით აღიარეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და ერთა ლიგამ დემოკრატიული მთავრობები ვეღარ დაუჭერდნენ მხარს სეპარატისტებად გადაქცეულ პირებს. ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ავტორიტარული, ფაშისტური მთავრობები. ამიერიდან გარდაუვალი იყო პრომეთეელების გადაბირება ფრანგ რადიკალ მემარჯვენეთა მიერ და გერმანიის ხიბლის ზემოქმედება. ეს დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას არეულობით და შეშფოთებით ადამიანებისა რომელთაც 1936 წლისათვის გადაეწურათ მათი სამშობლოს დაბრუნების იმედი. მაგრამ განა საკმარისია ეს იმედგადაწურულობა ნაციზმის მიმართ მათი დუმილის, მათ მიერ პოზიციის დაუკავებლობის ასახსნელად? ისინი ხედავდნენ მხოლოდ ანტიბოლშევიკურ ასპექტს. მათ თარ უნდოდათ გერმანიაში გაშლილი რეპრესიებისა და დევნის დანახვა.
დავით ვაჩნაძე
  განა შეიძლებოდა 1933-1939 წლებს შორის გერმანიაში ცხოვრება, იქ გაზეთების გამოცემა (როგორც ამას აკეთებდა რესულზადე) ან უმაღლეს სასწავლებელში ლექციების წაკითხვა (როგორც ამას აკეთებდა ტოგანი) გერმანიაში განვითარებული მოვლენების ხმის ამოუღებლად აღიარების გარეშე? როგორ შეიძლებოდა თავისი სულის დაუკარგავად ნაცისტური დროშით რაღაც ლეგიონის შექმნაში მონაწილეობა მიეღო ჩოკაის, ესოდენ აზრიან და მგრძნობიერ ადამიანს? ნუთუ ნამდვილად ფიქრობდნენ კაიმ ხანის და ბ.ჰაიტის მსგავსი ადამიანები რომ ნაცისტური ბატონობა შუა აზიაზე უფრო რბილი იქნებოდა ვიდრე ბოლშევიკური ბატონობა ?
  პრომეთეელებსა და მათ მემკვიდრეებს თავი შორს არ დაუჭერიათ ავტორიტარული რეჟიმებისგან (დაწყებული პილსუდსკით) იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ ამის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის. «პრომეთეში» ამაოა გერმანიის კრიტიკის ძიება... მათმა უპირობო ანტიბოლშევიზმმა დააბრმავა პრომეთეელები და ისინი დადგნენ ყველაზე ანტიბოლშევიკური სახელმწიფოს გვერდით (მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ პრომეთეელები დააბრმავა და მათ უპირობო ანტიბოლშევიზმისკენ უბიძგა იმდროინდელი დემოკრატიების დაახლოებამ სტალინის საბჭოთა კავშირთან, მთარგმნელი).
ამან განაპირობა თურქულენოვანთა ეროვნული ბრძოლისა და გერმანიასთან ურთიერთობების საკმაოდ მღვრიე კავშირი. მით უმეტეს რომ გერმანია ომის დროს ცდილობდა თურქ-თათრებისა და კავკასიელების მხარდაჭერის მოპოვებას. ეს ამ ხალხებს ძვირად დაუჯდათ. ამ კავშირმა დაამახინჯა საბჭოთა კავშირის მკვიდრ ხალხთა და, შეიძლება, თურქების ნაციონალიზმის ბუნება. პრომეთეელების მრავალი ხელმძღვანელი დამკვიდრდა თურქეთში. პრომეთეელებმა ომის დროს თურქეთში მონაწილეობა მიიღეს ნაციონალისტურ წამოწყებებში. ისინი მონაწილეობდნენ თურქულ-გერმანულ კონტაქტებში რომელთა მიზანი იყო თურქეთის ჩაბმა ომში.

უნდა დავასკვნათ რომ მთელი პრომეთეული პერიოდის მანძილზე მუდამ სუფევდა პანთურქისტად გამოჩენის შიში. პანთურქიზმი იყო საბჭოთა პროპაგანდის მოხერხებული იარაღი : ეს სიტყვა იყო საფრთხობელა მსოფლიოში პრომეთეელთა მოქმედების დასაგმობად. ამის გამო თურქეთისადმი სიმპატიის ყოველგვარი გამოხატვა, თურქი ხალხისადმი ყოველგვარი ინტერესის გამოვლენა ცხადდებოდა პანთურქიზმის გამოვლინებად.
  პანთურქისტად გამოჩენის ამ შიშს ჰქონდა ცუდი შედეგები: მან ხელი შეუშალა “გარე თურქთა» მიმართ სულტან-გალიევისტური თუ მესამე სამყაროსეული მემარცხენე ანალიზის და პოზიციის ჩამოყალიბებას. ქემალიზმს ერჩივნა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან და ხმას არ იღებდა «გარე თურქთა» პრობლემების შესახებ. ამაზე ხმა ამოიღეს მხოლოდ უკიდურესმა, ექსტრემისტმა მემარჯვენეებმა. მემარცხენეებმა დასთმეს პოზიცია, მათ აბრკოლებდა «მოძმე თურქებისა» და მემარცხენეების ყოფნა საბჭოთა (თუ ჩინურ) სფეროში და საბჭოთა კავშირის მდგომარეობის გართულების შიში.
  ასე მოხდა რომ საბჭოთა კავშირის დამხობამდე ეროვნული (პატრიოტული) მოძრაობა ვერ იარსებებდა ანტიკომუნიზმის გარეშე. ანტიკომუნიზმი კი თითქმის ბუნებრივად დაინტერესდა «გარე თურქებით». ამიტომაა რომ თურქეთში დამკვიდრებულ პრომეთეელებს მსმენელებად ჰყავდათ მხოლოდ მემარჯვენე რადიკალები. ნაციონალისტები, რომლებსაც თავიდან სულაც არ ჰქონიათ მემარჯვენე რადიკალური ინტერესები რადიკალური მემარჯვენეობისკენ გადაიხარნენ . ანტიკომუნისტურ მოძრაობათა და თურქულენოვან ხალხთა ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. თურქულენოვან ხალხთა პრობლემები იქცა მემარჯვენეთა თემად. ანტიიმპერიალისტურ ლექსიკონს იყენებენ ანტიკომუნისტები.
1917-1990 წლებში თურქთაშორისი სოლიდარობის, თურქული ნაციონალიზმის საკითხს ეცემა საბჭოთა კავშირის ჩრდილი. თურქული ეროვნული მოძრაობა და ნაციონალიზმი განპირობებულია საბჭოთა კავშირის არსებობით. ანტიკომუნიზმი მალე გადაიქცა პრომეთეული და ეროვნული მოძრაობების ფუნდამენტურ ფაქტორად და ამან ისინი ჩააბა ჯერ ნაცისტურ ბრძოლაში და შემდეგ ცივ ომში. თურქული სამყაროს განთავისუფლების და თურქულენოვანთა სოლიდარობის იდეები, რასაც ზოგჯერ ეშმაკურად და ტყუილად უძახიან პანთურქიზმს გარდაუვალად შთანთქა თურქულმა ანტიკომუნისტურმა და პანთურქისტულმა მიმდინარეობამ ვინაიდან თავისუფალი სამყაროს გეოგრაფიული ავანპოსტის არეში გაშლილი ეს მოძრაობა განსაკუთრებით რადიკალური იყო.
  რა მოუვა თურქიზმის ამ კონცეფციას როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებს? განა არ შეიძლება ვიფიქროთ რომ შეიძლება გაჩნდეს თურქიზმის ახალი იდეა რომელიც აღნიშნავს კულტურული, ეკონომიკური და სულაც არა აუცილებლად პოლიტიკური სოლიდარობის კავშირებს და რომელსაც ექნება 1940 წლის მნიშვნელობისაგან განსხვავებული მნიშვნელობა.


მთარგმნელის ბოლოთქმა :
 დიდი მადლობა ბატონ ეტიენ კოპოს!
ამ ფრანგმა მკვლევარმა თავის ძალიან საინტერესო, თუმცა, რა თქმა უნდა, თემის ვერ ამომწურავ ნარკვევში გადაგვიშალა ქართველთა დღევანდელი თაობებისათვის თითქმის სრულიად უცნობი ისტორიის შთამბეჭდავი პანორამა, პანორამა საბჭოთა პერიდში აკრძალული ისტორიისა (Etienne Coppeaux, Le mouvement promethéen, Cahiers d’études sur la Méditerranée et le monde turco-iranien, 1993, n° 16).
ამ მოძრაობის სათავეში იდგნენ თურქული, უკრაინული ქართულ-კავკასიური სამყაროებიდან გამოსული გამოჩენილი მოღვაწეები. ამას წინ ფრანგულადვე გამოვიდა მონოგრაფია პრომეთეს მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ლიდერ მუსტაფა ჩოკაიზე რაც ძალიან სასიამოვნოა მაგრამ ამავე დროს დიდად საწყენია რომ არ არსებობს არც ქართულად და არც ევროპულ ენებზე დაწერილი მონოგრაფია ამ მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ქართველ ლიდერზე, პოეტ, პუბლიცისტ, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე გიორგი გვაზავაზე. ეს დიდი დანაკლისია როგორც ქართული ისე მსოფლიო ისტორიოგრაფიისთვის საზოგადოდ და ქართველთა კულტურისთვის კერძოდ. ბატონი ეტიენ კოპო ამ თვალსაზრისით გარკვეულად ავსებს ამ ხარვეზსაც და ისევ მადლობა მას.

რაც შეეხება თვითონ მოძრაობას ეს იყო ჩაგრული ხალხების რჩეულ შვილთა ერთმანეთისადმი სიმპატიის და თანაგრძნობის თვალსაჩინო გამოხატულება რაც უეჭველად ლამაზი, ბევრი რამის მასწავლებელი და დასაფასებელი ისტორიაა.
ეს მოძრაობა გაჭყლიტა იმდროინდელი დემოკრატიების ცინიზმმა და ეგოიზმმა და ბოლშევიკურმა მხეცობამ. სცილასა და ქარიბდას, შავ ჭირსა და ქოლერას შორის მოქცეული პრომეთეელები შეცდომებსაც უშვებდნენ, რისი მაგალითიცაა გამოუვალ მდგომარეობაში მოქცეულ პრომეთეელთა ნაწილის თანამშრომლობა ნაციზმთან და მოგვიანებით ხანმოკლე დაახლოება მათთვის იმთავითვე და პრინციპულად არასასურველ პანთურქიზმ-პანთურანიზმთან.

იმედი ვიქონიოთ რომ ამ მოძრაობის იმპულსმა შეიძლება ბიძგი მისცეს პირველ რიგში კავკასიელების კულტურული, ეკონომიკური სოლიდარობის ძველი კავშირების აღდგენას და ახალი კავშირების დამყარებას. დანარჩენს ისტორია აჩვენებს.

( თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა)











No comments:

Post a Comment