2011/06/21

ვანო ქავთარაძე, კავკასიის კონფედერაციისაკენ მიმავალ გზებზე :2

ერთი მივიწყებული ქართველი მამულიშვილის შემთხვევით ნაპოვნი წიგნი    
პირველი ნაწილი

კავკასია:
სახელწოდება  " კავკასია" როგორც ჩანს ინდური წარმოშობისაა და შედგება ორი სიტყვისაგან : "კავ"-მეფე და " კუ"-მთა. ამგვარად სიტყვა კავკასია ითარგმნება როგორც "მეფე-მთა". ძველი მიდიელები შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე  მთავარ ქედს  მიუდგომელად თვლიდნენ და ამიტომ უწოდეს მას "მეფე-მთა". იქვეა ალბორჯი - მთელი ირანის ოლიმპო. ბერძნებმა ეს სახელი გადაიღეს სპარსელებისაგან და გაავრცელეს ის არა მარტო მთავარ ქედზე, არამედ  მის მიმდებარე ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე.

ამასთან ერთად მათ კავკასიას დაუკავშირეს თავისი მითი პრომეთეზე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ყველაფერ იმას რასაც კავკასია ეწოდებოდა ეკავა  472 531 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, რომლის მოსახლეობაც  12 მილიონს აჭარბებდა. ის გაყოფილი იყო ორ ნაწილად: კავკასიისწინეთად (პრედკავკაზიე), ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიად და ამიერკავკასიად ( ზაკავკაზიე), ესე იგი სამხრეთ კავკასიად.  ადმინისტრატიული თვალსაზრისით კავკასია დაყოფილი იყო 12 ადმინისტრატიულ ერთეულად (7 გუბერნიად და 5 ოლქად (ობლასტად). ჩრდილოეთ კავკასიას ეკავა 224,449 კვადრატული კილომეტრის ფართის ტერიტორია და ის მოიცავდა ყოფილ სტავროპოლის გუბერნიას და  ყუბანის და თერგის ოლქებს;  სამხრეთ კავკასიას კი ეკავა 248,114 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია და მის შემადგენლობაში შედიოდნენ ყოფილი დაღესტანის, ბათუმისა და ყარსის ოლქები და ყოფილი ბაქოს, ელიზავეტპოლის, ერევნის, ტფილისის, ქუთაისის და შავი ზღვის გუბერნიები. კავკასიის სათავეში იდგა მეფის სპეციალური ნაცვალი, რომლის მუდმივი ადგილსამყოფელიც იყო საქართველოს დედაქალაქში-ტფილისში.