2011/06/21

ვანო ქავთარაძე, კავკასიის კონფედერაციისაკენ მიმავალ გზებზე :2

ერთი მივიწყებული ქართველი მამულიშვილის შემთხვევით ნაპოვნი წიგნი    
პირველი ნაწილი

კავკასია:
სახელწოდება  " კავკასია" როგორც ჩანს ინდური წარმოშობისაა და შედგება ორი სიტყვისაგან : "კავ"-მეფე და " კუ"-მთა. ამგვარად სიტყვა კავკასია ითარგმნება როგორც "მეფე-მთა". ძველი მიდიელები შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე  მთავარ ქედს  მიუდგომელად თვლიდნენ და ამიტომ უწოდეს მას "მეფე-მთა". იქვეა ალბორჯი - მთელი ირანის ოლიმპო. ბერძნებმა ეს სახელი გადაიღეს სპარსელებისაგან და გაავრცელეს ის არა მარტო მთავარ ქედზე, არამედ  მის მიმდებარე ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე.

ამასთან ერთად მათ კავკასიას დაუკავშირეს თავისი მითი პრომეთეზე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ყველაფერ იმას რასაც კავკასია ეწოდებოდა ეკავა  472 531 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, რომლის მოსახლეობაც  12 მილიონს აჭარბებდა. ის გაყოფილი იყო ორ ნაწილად: კავკასიისწინეთად (პრედკავკაზიე), ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიად და ამიერკავკასიად ( ზაკავკაზიე), ესე იგი სამხრეთ კავკასიად.  ადმინისტრატიული თვალსაზრისით კავკასია დაყოფილი იყო 12 ადმინისტრატიულ ერთეულად (7 გუბერნიად და 5 ოლქად (ობლასტად). ჩრდილოეთ კავკასიას ეკავა 224,449 კვადრატული კილომეტრის ფართის ტერიტორია და ის მოიცავდა ყოფილ სტავროპოლის გუბერნიას და  ყუბანის და თერგის ოლქებს;  სამხრეთ კავკასიას კი ეკავა 248,114 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია და მის შემადგენლობაში შედიოდნენ ყოფილი დაღესტანის, ბათუმისა და ყარსის ოლქები და ყოფილი ბაქოს, ელიზავეტპოლის, ერევნის, ტფილისის, ქუთაისის და შავი ზღვის გუბერნიები. კავკასიის სათავეში იდგა მეფის სპეციალური ნაცვალი, რომლის მუდმივი ადგილსამყოფელიც იყო საქართველოს დედაქალაქში-ტფილისში.


1920-1921  წლებში ოკუპაციის დროიდან  საბჭოთა რუსეთმა  მოახდინა იმდენი ადმინისტრატიული ცვლილება რომ  დღეს ძალიან ძნელია ზუსტად დადგენა იმისა თუ სად იწყება და სად მთავრდება კავკასიად წოდებული ტერიტორია. ძველი კავკასია ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ყოფილ დონის ოლქს და  ყოფილ ასტრახანის
გუბერნიას; სამხრეთიდან ესაზღვრებოდა თურქეთსა და სპარსეთს. სამხრეთი საზღვარი შავი ზღვიდან, ბათუმიდან სამხრეთით 30 კილომეტრის მოშორებით მიდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაივლიდა 28 კილომეტრით ართვინის სამხრეთით; ოლთისიდან 15 კილომეტრით სამხრეთით, კაგიზმანიდან 20 კილომეტრში და არარატის მთის მწვერვალთან უერთდებოდა სპარსეთის საზღვარს.

საბჭოთა რუსეთმა თურქეთის მიერ მისთვის გაწეული დახმარების მადლობის ნიშნად სამხრეთი კავკასიიდან თურქეთს დაუთმო  დაახლოებით  27 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია (13 000 კვადრატული კილომეტრი საქართველოს მიწებიდან ხოლო დანარჩენი სომხეთის მიწებიდან). მაგრამ ამავე დროს საბჭოებმა ჩრდილოეთ კავკასიას შეუერთეს  ყოფილი დონის ოლქის ტერიტორიის  75 000 კვ.კმ., რომლის მოსახლეობაც მილიონ ადამიანზე მეტი იყო. ეს ნაბიჯი პოლიტიკური მოსაზრებებით იყო გადადგმული, საბჭოებს უნდოდათ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული ელემენტის გაძლიერება.


1918 წლის მაისში თავისი დამოუკიდებლობის გამომცხადებელი  ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის დეკლარაციით დადგენილი საზღვარი ჩრდილოეთ კავკასიისა  მიყვება მდინარეებს ყუბანსა და კუმას. მე-18 საუკუნეში ეს საზღვარი ბევრად უფრო ჩრდილოეთით იყო და იწყებოდა  ეის ყურესთან (ეისკიი ზალივ, აზოვის ზღვა), მიყვებოდა მდინარე ეას, მანჩის ტბას და სამხრეთ აღმოსავლეთით მიდიოდა თვითონ კასპიის ზღვამდე. ეს საზღვარი დაადგინა სახელგანთქმულმა იმამმა მანსურმა, ჩრდილო
კავკასიის ხალხის ბელადმა, რომელმაც თავის დროზე დაამარცხა ჩრდილო კავკასიის ნაწილის დამპყრობელი რუსეთის ჯარები. მე-19 საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო ჩრდილოეთი კავკასია. რუსეთი  სამოც წელზე მეტი ხნის მანძილზე დაუნდობლად ებრძოდა ჩრდილოეთ კავკასიას  და ამ სასტიკ ბრძოლებში მან მოსპო და თურქეთში
გააძევა მილიონობით ჩრდილო-კავკასიელი. რუსეთი ეწეოდა ჩრდილო კავკასიის საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი მიწების კოლონიზაციას სლავური ელემენტით და კაზაკური დასახლებების სოლს ასობდა ხალხის გულში. ყოველივე ამის შედეგად ჩრდილო კავკასიის მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება :

ადიღეს ავტონომიური ოლქი-3048 კვ.კმ.- 136 400 მცხოვრები., ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი-15700 კვ.კმ.- 606900 მცხოვრები (ქალაქი გროზნოს გარეშე)., ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი -12300 კვ.კმ.-2793000 მკვიდრი; ყარაჩაის ავტონომიური ოლქი-9900 კვ.კმ.-103000 მკვიდრი, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ( ქალაქი ორჯონიკიძის გარეშე) - 6152 კვ.კმ.-171500 მკვიდრი, ჩერქეზული ავტონომიური ოლქი - 336 კვ.კმ.-81000 მკვიდრი; დაღესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - 37320 კვ.კმ.-1265000 მკვიდრი; ქალაქი ორჯონიკიძე - 92 კვ.მ.-113200 მკვიდრი.; ქალაქი გროზნო - 325 კვ.კმ.-201000 მკვიდრი.

ავტონომიურ ოლქებში, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის  ნაწილს შეადგენდნენ და დღეს უკავიათ 108083 კვ.კმ. ფართობი, სულ ცხოვრობს 2957300 ადამიანი.

სამხრეთი კავკასია (ამიერკავკასია) სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთსა და ირანს. მას უკავია 185717 კვ.კმ.  მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 6426700 ადამიანი (სომხეთი-29,606 კვ.კმ.-1032000 სული; აზერბაიჯანი-85,963 კვ.კმ.-2510800 სული ; საქართველო-70094 კვ.კმ.-2883200 სული.  ასე რომ საბჭოთა მონაცემებით კავკასიელი ხალხების რაოდენობა ერთად შეადგენს 9384000 სულს და მათ უკავიათ 293800 კვ.კმ. ფართობის ტერიტორია.

საბჭოთა მონაცემები, როგორც ცნობილია, არასწორია. ისინი ამცირებენ მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობასა და ტერიტორიას. ამას გარდა ეს მონაცემები ძველია და ანგარიშს არ უწევს კავკასიის მოსახლეობის ბუნებრივ ზრდას ბოლო ათი წლის მანძილზე.

კავკასიელთა  წარმოშობა:
ჩვენთვის უცნობია იყო თუ არა დასახლებული კავკასია იქ ქართულ-ჩერქეზული ტომების გამოჩენამდე. თანამედროვე მეცნიერების აზრით კავკასიის თავდაპირველ მოსახლეობას შეადგენდნენ ტომები რომლებიც მანამდე, უძველეს ხანაში, ჯერ კიდევ სემიტებამდე და არიელებამდე, ცხოვრობდნენ დასავლეთ და მცირე აზიაში. ეს ტომები დღეს ცნობილები არიან „იაფეტიდების" სახელით.  დასავლეთ აზიაში იმ დროს არსე-
ბობდა  მთელი რიგი მაღალი კულტურის სახელმწიფოთა რომლებიც  სემიტური რასის ხალხების გადმოსახლებებთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ  ბოლოს და ბოლოს დაემორჩილნენ ძლიერ ასურელ მონარქებს. მათი მოსახლეობის ნაწილმა კი თავი შეაფარა  ძნელად მისადგომ მთებს.  მაგრამ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში  მომხდარი საშინელი ძვრებისას, როდესაც ირანის სიმაღლეებიდან დაეშვნენ არიელები, რომელთაც დაამხეს ოდესღაც ძლიერი ასურული სამეფო და მოსპეს ყველანაირი კულტურულ-ცივილიზაციური მიღწევა, იაფეტიდები იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ მშობლიური კერიები. მათ თავშესაფრის ძიება დაიწყეს კავკასიაში. ეგრეთ წოდებულმა ჩერქეზულმა ოჯახმა, ესე იგი ჩერქეზებმა, ჩეჩნებმა, აფხაზებმა, ინგუშებმა და სხვა ტომებმა რომლებიც აგრეთვე ლეკების ზოგადი სახელით არიან ცნობილნი, დაიკავეს კავკასიის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილი. ჩერქეზულ ოჯახს მოსდევდა ქართველური ოჯახი, რომელმაც დაიკავა კავკასიის სამხრეთი ნაწილი.  ქართველურ ოჯახს ეკუთვნოდნენ ქართლელები, კახელები, გურულები, იმერლები, მეგრელები, ლაზები, ფშავები, ხევსურები და თუშები, ესე იგი ის ტომები რომლებისგანაც შემდეგ ჩამოყალიბდა ქართველი ერი.

მოგვიანებით მცირე აზიიდან დაიწყეს გამოჩენა სომხებმა, რომლებიც განუწყვეტლად მოედინებოდნენ სომეხი ხალხის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე. სომხები უნდა გაჩენილიყვნენ მცირე აზიაში დარჩენილი იაფეტიდების არიელებთან შერევის სჰედეგად.  მათ მოყვნენ თანამედროვე ოსების წინაპარი ირანული წარმოშობის ალანები. შემდეგ გამოჩნდნენ ხაზარები, რომლებმაც ჩრდილო კავკასიაში შექმნეს  დიდი სახელმწიფო, ე. წ. ხაზარული სახაკანო, და ბოლოს მონღოლები. ჩრდილოეთ კავკასიაში
ხაზარებისა და მონღოლების შთამომავლები არიან ბალყარლები, ყარაჩაელები, კუმიკები, ნოღაელები, ტაბასარანელები რომლებიც ე. წ. ჩერქეზული  ოჯახის ხალხებთან ერთად შეადგენენ ჩრდილო-კავკასიელ ხალხს.

კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დასახლდნენ ირანელი თათები, თალიშები, თურქმანები და ოსმალები, რომლებიც ეკუთვნიან ხალხთა ალტაურ-თურქულ ჯგუფს და მათ დროთა მანძილზე შეადგინეს აზერბაჯანელი ხალხი.  ეს სახელი დაკავშირებულია  უძველესი ატრაპატაკანი თუ ადერბადაგანის   გეოგრაფიულ
სახელთან.

კავკასია არ ყოფილა სხვადასხვა ეთნიკური და რასიული ჯგუფების სავალი უბრალო შარაგზა. ის უფრო იყო ამა თუ იმ მხრიდან დევნილი ხალხების თავშესაფარი. კავკასიას თავს აფარებდნენ  ხალხთა გადასახლების დროს განსაკუთრებულ საფრთხეში ჩავარდნილი ხალხები. კავკასიის ტოპოგრაფია განსაკუთრებულად უწყობდა ხელს ამას.

  (გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment