2011/06/22

ვანო ქავთარაძე, კავკასიის კონფედერაციისაკენ მიმავალ გზებზე-3

საქართველო უძველესი ხანიდან დავით აღმაშენებლამდე:
 გორგასალი
გადასახლებებისა და კავკასიის ათავდაპირველი დასახლების დრო ჩვენთვის უცნობია. დღეს ძნელია სრული წარმოდგენის შექმნა ამ ისტორიული პერიოდის შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ კავკასიას, ვინაიდან ასირიოლოგიიდან და ბერძნულ-რომაული წყაროებიდან აღებული ცნობები  ყველაზე მეტად ეხება სამხრეთ კავკასიას.

ასურული მონაცემების  თანახმად დასავლეთი აზია დასახლებული იყო იაფეტიდური ტომებით, რომლებიც შეადგენდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მთელ წყებას. ამ სახელმწიფოთა სახელები საკმაოდ ხშირად იცვლებოდა იმის შესაბამისად თუ ვინ იგდებდა ხელში ძალაუფლებას და ვინ მართავდა ამა თუ იმ სახელმწიფოს. ეს ტომები და სახელმწიფოები შემდეგნი იყვნენ: შუმერები ანუ ქალდეველები - ქალდეა, მითანიელები - მითანი, ხეთური სახელმწიფო შედგებოდა შერეული ტომებისაგან, მესხები (მოსხები, მუშქები, მოსოხები), ურარტები-ალაროდიელები-ურარტუ, თუბალები-ტიბარენები-იბერია, კოლხები-მოსინიკები, ჭანები-ლაზები და ასე შემდეგ.  ეს ტომები და სახელმწიფოები საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებლობისათვის ეომებოდნენ ეგვიპტელ ფარაონებს, ბაბილონსა და ასურეთის ტიგლატ-პილასარებს, რის შედეგადაც მათ განიცადეს დიდი ზარალი და დაკარგეს თავისუფლება.



მათ მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა ერთბაშად არ მომხდარა. მტრები მათ იპყრობდნენ თანდათანობით და ამ დაპყრობების გაღრმავებისა და გაფართოების შესაბამისად  თავისი დამოუკიდებლობის უკვე დამკარგავი ტომები თავშესაფრის საძიებლად მიდიოდნენ ჩრდილოეთისაკენ, შავი ზღვისა და არარატის მთისაკენ, შემდეგ კი კავკასიის მთებისაკენაც, სადაც მკვიდრდებოდნენ და აწყობდნენ ახალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ასე გაჩნდა სამხრეთ კავკასიაში ოთხი სახელმწიფო. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ისინი შემდეგნაირად მდებარეობდნენ: ალბანეთი, იბერია, კოლხეთი და პონტო, რომლებიც ჰეროდოტეს დროს  სპარსთის მეფე დარიუს გისტასპს (ძვ.წ. 520-485 ) ემორჩილებოდნენ.  შემდეგი ცნობები ეხება მითრიდატე დიდისა და გ.პომპეუსის დროს. პონტოს მეფე მითრიდატე დიდის  ომებმა ხელი შეუ-
წყვეს  სამხრეთ კავკასიაში რომაელების შემოსევას (ძვ.წ. 64, რომაელთა სარდალი იყო პომპეუსი).

ამ დროიდან მოყოლებული სამხრეთ კავკასიაზე ბატონობს რომი.  რომის გავლენა და ურთიერთობები მერყევი იყო. იბერიამ რამოდენიმეჯერ სცადა რომაული უღლის გადაგდება. რომიც ცვლიდა თავის დამოკიდებულებას იბერიისადმი. რომის დამოკიდებულება იბერიასთან განსაკუთრებით გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც ძველი
მიდიის ნანგრევებზე წარმოიქმნა პართიის სახელმწიფო რომელიც დაემუქრა რომის გავლენას. მაშინ კი როდესაც ა.წ. მესამე საუკუნეში დაიწყო აღორძინება სასანიდთა სპარსეთმა რომი უკვე სიმპატიით მოეკიდა იბერიას. რომის მთელი ბატონობა დაიყვანებოდა იმაზე რომ იბერიის მეფეები დამტკიცებული უნდა ყოფილიყვ-
ნენ ოფიციალური სიგელით (ინვესტიტურით) რომიდან. ამასობაში მესამე საუკუნეში ძველი კოლხეთი გადაიქცა ლაზიკად. მეოთხე საუკუნეში მცხეთაში კაპადოკიელი ქალი ნინოს და ეპისკოპოსი იოანეს ხელიდან იღებენ ქრისტიანობას, რომელიც ვრცელდება სხვა ქართულ ტომებშიც.

(კავკასიის  ისტორიის უძველესი პერიოდის შესახებ ვანო ქავთარაძე გადმოსცემს დღეისთვის უკვე მოძველებულ თეორიას. დღეს მეცნიერების მტკიცებით იაფეტიდური ხალხები და ტომები (მათ შორის ქართველებიც) უძველეს  დროში მკვიდრობდნენ როგორც დასავლეთ და მცირე აზიაში, ისე კავკასიაშიც (სადაც მრავლადაა ქვის ხანის არქეოლოგიური ნაშთები). მაგრამ შემდგომში მოხდა იაფეტიდური ტომების ნაწილის გადმოსახლება ისევ იაფეტიდებით დასახლებულ კავკასიაში, გ.მ.).

უძველესი დროიდან საქართველო იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი ყველაზე მომგებიანი გზა. ეს ისტორიული გზა გადიოდა შავ ზღვაზე, მიყვებოდა მდინარე რიონს, გადადიოდა სურამის ქედზე, მიუყვებოდა მდინარე მტკვარს და გადადიოდა კასპიის ზღვაზე. ამიტომ იყო რომ აღმოსავლეთიც და
დასავლეთიც განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოთი და მთელი სამხრეთი კავკასიით.

საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღებამ გამოიწვია ხსენებულ სახელმწიფოებში დასავლეთის გავლენის გაძლიერება, რაც  ემუქრებოდა სპარსეთით წარმოდგენილი აღმოსავლეთის გავლენას. ქრისტიანობის მიღებით საქართველო და სომხეთი გადაიქცნენ დასავლეთის კულტურისა და ცივილიზაციის ფორპოსტებად. კავკასია
გადაიქცა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გააფთრებული ორთაბრძოლის ასპარეზად. ეს ბრძოლა გაგრძელდა კავკასიაში რუსეთის გამოჩენამდე. რუსეთმა დაიპყრო და შეიერთა კავკასია.  ამ მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში თავდაპირველი მოსახლეობის ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა, მაგალითად სომხებმა, დაკარგეს თავისი თავდაპირველი სამშობლო, სამაგიეროდ გამოჩნდნენ და სამუდამოდ დამკვიდრდნენ ახალი ტომები.  საქართველოს არაერთხელ განუცდია დაცემა და ისევ აღორძინებულა. ჩვეულებრივ დაცემის პერიოდები უფრო ხანგრძლივი იყო ვიდრე აღორძინებისა. ქრისტიანული საქართველოს ასეთი ხანმოკლე აღორძინება იყო ვახტანგ გორგასალის მეფობა (446-499).  მან ისარგებლა დაპირისპირებულ მოწინააღმდეგეთა სისუსტით, რომის დაცემით და  სპარსეთზე ეფტალიტების (თეთრი ჰუნების) თავდასხმით და განთავისუფლდა  სპარსეთის ბატონობისაგან, ის გახდა მთელი აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებელი მმართველი. ვახტანგ გორგასალმა დაადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დაარსა საქართველოს ახალი დედაქალაქი - ტფილისი. მეფე დაჩის
დროს (499-515) სპარსეთი აახლებს ომებს აღმოსავლეთ საქართველოსთან და ბატონდება მასზე. მთელი VI საუკუნე  ხასიათდება სპარსეთისა და ბიზანტიის გააფთრებული ბრძოლით. სპარსეთის მეფე ხოსროვ I ნუშირვანის  და იუსტინიანების დროს საქართველოს ორივე ნაწილი არის გააფთრებული სპარსულ-ბიზანტიური ბრძოლის ასპარეზი. ამ ბრძოლის დროს საქართველო არაერთხელ გადასულა ხელიდან ხელში, მაგრამ საბოლოო ანგარიშით მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ ნაწილზე გაბატონდა სპარსეთი, დასავლეთ საქართველოზე კი - ბიზანტია.  მე-6 საუკუნის ბოლოსათვის (591 წელს) ბიზანტიამ მოახერხა  აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის დაპყრობა, სადაც მან დააარსა ე.წ.  საკურაპალატო. ამგვარად საქართველო იყოფა სამ ნაწილად : დასავლეთი ნაწილი - ლაზეთის სამეფო, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი - საკურაპალატო და აღმოსავლეთ საქართველოზე ბატონობს სპარსეთი.  მოგვიანებით იმპერატორი ირაკლი სპობს სასანიდური სპარსეთის ძალას და მთელ სამხრეთ კავკასიას ძველ სომხეთთთან ერთად უერთებს ბიზანტიას,
მაგრამ ცოტა ხნით, ვინაიდან ისტორიის ასპარეზზე გამოჩნდნენ არაბები.

იმდროინდელი ძლიერი სახემწიფოების გამუდმებული ომები, ყველანაირი ძალადობა,  საეკლესიო-რელიგიური სფეროს სრული მოშლა და დემორალიზაცია ხელს უწყობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას და არაბულ დაპყრობებს. არაბებმა სპარსელების ნეგავენდთან დამარცხების (634 წელი) და ადერბადაგანის დაპყრობის შემდეგ დაიპყრეს აღმოსავლეთი საქართველოც. მათ წარუმატებლად სცადეს დასავლეთი საქართველოს დაპყრობა და ეს ნაწილი დარჩა ბიზანტიის ხელში.  სამხრეთი კავკასია და სომხეთი 150 წლის მანძილზე წარმოადგენდნენ არაბულ-ბიზანტიური და არაბულ-ხაზარული  შეტაკებების ასპარეზს.  გაიმარჯვეს არაბებმა, რომლებიც გაბატონდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, სომხეთში და კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - დაღესტანში.  ტფილისში დამყარდა საამირო, აქამდე წარმართული დაღესტანი კი იღებს მაჰმადიანობას და იქცევა მთელს ჩრდილო კავკასიაში მაჰმადიანობის გავრცელების ცენტრად .

ამასობაში დასავლეთი საქართველო - ლაზური სამეფო -აფხაზეთის ერისთავის (ლეონი 746-791) წყალობით თავისი საზღვრებიდან აძევებს ბიზანტიურ გარნიზონს, უარს ამბობს კონსტანტინეპოლის მორჩილებაზე  და თავს აცხადებს დამოუკიდებელ  აფხაზურ სამეფოდ.  მეათე საუკუნის დასაწყისში არაბთა სამფლობელოები დაიშალა რამოდენიმე ნაწილად, ეგრეთ წოდებულ საამიროებად. ცალკეულმა არაბმა მმართველებმა კავკასიაში და სომხეთში, მაგალითად ტფილისის, შირვანის, დაღესტანის, განჯის, ადერბადაგანის, დვინის (არარატთან)  და სხვა მმართველებმა თავისი თავი გამოაცხადეს ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლებისაგან
დამოუკიდებელ მმართველებად. ამავე დროს თავის მდგომარეობას განამტკიცებენ საქართველოსა და სომხეთის ცალკეული ერისთავები და ისინი თანდათანობით ხდებიან დამოუკიდებელი მმართველები იმ ოლქებისა სადაც ერისთავებად იყვნენ დანიშნულები. დამოუკიდებელ მმართველებად გახდომის შემდეგ მათ დაიწყეს
ერთმანეთში ომი, რისი მიზანიც იყო მეტი ძალაუფლების მოპოვება. შინაომებმა მოიცვა არა მხოლოდ საქართველო და სომხეთი, არამედ თითქმის მთელი კავკასია. ეს ომები მიმდინარეობდა ცვალებადი წარმატებით  და მათი პერიოდი იყო საქართველოში ფეოდალიზმის ჩასახვისა და ამავე დროს ეროვნული კულტურისა და ცივილიზაციის განვითარების პერიოდი. ყოველი ფეოდალი ამაყობდა თავისი  კულტურით და ცდილობდა ამ თვალსაზრისით ეჯობნა თავისი მეზობლისათვის. ეს ეპოქა შესანიშნავი იყო იმითაც რომ მაშინ ჩაისახა და ჩამოყალიბების გზას დაადგა ეროვნული ქართული აზრი, რომელიც ცდილობდა ცალკეული ქართველური ხალხების გაერთიანებას ერთიან ქართველ ხალხად. ამავე დროს გაჩნდა მხარის სიმბოლური სახელი "საქართველო".
ჩნდებიან ეროვნული გაერთიანების მქადაგებლები, რომლებიც იოანე მარუშიძის მეთაურობით მეათე საუკუნის მეორე ნახევარში არწმუნებენ დიდ ფეოდალს, საქართველოს  სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის მმართველ დავით I კურაპალატს (951-1001) იმაში რომ  ის აქტიურად უნდა გამოვიდეს საქართველოს გაერთიანების მიზნით.
დავით პირველმა შეიარაღებული ძალით დაიკავა ცენტრალური საქართველო (ქართლი) და შემდეგ, ერთიანი დასავლეთ საქართველოს ბრმა მეფე თევდორეს ტახტიდან გადადგომის შემდეგ დავითმა ქუთაისში (აფხაზეთის სამეფოს ანუ ერთიანი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქში) გაერთიანებული საქართველოს მეფედ გამოაცხადა თავისი შვილობილი ბაგრატ მესამე (977-1014). ამ დროიდან დაიწყო საქართველოს
გაერთიანების სისტემატური და საკმაოდ ხანგრძლივი  პროცესი.ის მთელი მე-11 საუკუნე გრძელდებოდა.  გაერთიანების ხანა იყო შინაომების და საგარეო ომების პერიოდი. ქვეყნის შიგნით ზოგი ფეოდალი თვითონ ცდილობდა გვირგვინის მიტაცებას და ამიტომ ისინი უპირისპირდებოდნენ ბაგრატ მესამესა და მის მემკვიდრეებს.

გარეთ კი ბიზანტია, რომელიც თავის თავს მიიჩნევდა ყველა ქრისტიანის პატრონად, არ აღიარებდა არც ერთი ხალხის, მით უფრო მეზობელი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი არსებობის უფლებას.

საქართველოს გაერთიანებისათვის ხელის შესაშლელად ბიზანტიელი მეფეები საქართველოში აგზავნიდნენ თავის ჯარებს და მხარს უჭერდნენ შინაგან ქართულ პარტიკულარიზმს  და ყოველგვარ გამოსვლებს გამაერთიანებელი ტენდენციების წინააღმდეგ.

Davit ashmashenebeli.jpgყოველივე ამას დაემატა ის რომ მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში გახშირდა თურქ-სელჩუკთა თავდასხმები.

მე-11 საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფო ტახტზე ადის  აღმაშენებლად წოდებული მეფე დავით მესამე (1089-1125). დავით მესამე ჩრდილოეთიდან იწვევს ყივჩაღებს და მათგან ქმნის 40 000-ან ჯარს. ყივჩაღებზე დაყრდნობით დავითი აწყობს და განამტკიცებს თავის შინაგან ძალებს, რის შემდეგაც იწყებს ომს თურქებთან.  მრავალრიცხოვანი თურქული რაზმების დამარცხების შემდეგ დავით მესამემ დაიკავა მთელი სამხრეთი კავკასია ნიკოფსიიდან (ტუაფსე) დარუბანდამდე და ჩრდლოეთი სომხეთი მისი დედაქალაქი ანისით. დავით მესამემ ასე გააერთიანა  საქართველო, გააფართოვა მისი საზღვრები  და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის განვითარებას, რისთვისაც მას უწოდეს აღმაშენებელი და ქართულმა ეკლესიამ იგი შერაცხა წმინდანად. (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment