2011/06/22

ვანო ქავთარაძე, კავკასიის კონფედერაციისკენ მიმავალ გზებზე-5

   ათიშული კავკასია, საქართველოს მაჰმადიანი მეფეები, ვახტანგ VI, თეიმურაზი:
  საკუთრივ აქედან იწყება პოლიტიკურად გათიშული და ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით გატანჯული კავკასიელი ხალხების ტრაღიკული ისტორია. ქრისტიანი ქართველები მზერას მიაპყრობენ ჩრდილოეთს, მოახლოებულ ქრისტიანულ მოსკოვს ; კავკასიის მაჰმადიანებს კი აქვთ მაჰმადიანი სპარსეთისა და თურქეთის იმედი და ეხმარებიან ხან ერთს და ხან მეორეს. კავკასიელების ამ არანორმალურ გათიშულობაშია კავკასიის შემდეგი დაცემის უმთავრესი მიზეზი.


           საქართველოს განთავისუფლების და გაერთიანების მსურველი ქართველები დახმარებას მოსკოვში ეძებენ, მაგრამ ქართველთა იმედები არ გამართლდა ყველაფერ ამას ჰქონდა ფატალური შედეგები. შახ აბას პირველი რამოდენიმეჯერ შეიჭრა საქართველოში და ანგრევდა დასახლებულ პუნქტებს და ჟლეტდა მოსახლეობას.  აღმოსავლეთ საქართველოზე მეორე თავდასხმის დროს (1616) შახ აბას პირველის ბრძანებით მოკლეს 80 000 ადამიანი და სპარსეთში ტყვედ წაიყვანეს 100 000 კაცი რომელთა 60-70% თითქოს დაიღუპა გზაში და დანარჩენი იძულებით დაასახლეს სპარსეთში სადაც დღესაც ცხოვრობენ გადასახლებულთა შთამომავლები.

  საბოლოო დაღუპვისაგან აღმოსავლეთი საქართველო გადაარჩინა ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ რომელიც ორგანიზებული იყო გიორგი სააკაძის მიერ და ქართველი მეფეების გამაჰმადიანებამ. საქართველოს ლოიალობის უზრუნველსაყოფად სპარსეთი გამაჰმადიანებას აძალებდა ქართლის და კახეთის მეფეებს. ამის გამო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ორასი წლის მანძილზე მართავდნენ ქართველი მაჰმადიანი მეფეები.

XVII საუკუნის კავკასიის ისტორიის დამახასიათებელი ნიშანია სლავების შემოტევა ჩრდილოეთიდან და ირანელი ლომის გამარჯვებული სვლა სამხრეთიდან.

  სპარსეთი თანდათანობით სპობდა აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანულ ელემენტს და ამ გზით განთავისუფლებულ მიწებზე ასახლებდა თურქმანულ-
-თურქულ ტომებს და მათ სათავეში აყენებდა თავის ხანებს.

   თურქეთს კი დასავლეთი საქართველო მიჰყავს იქამდე რომ ის იშლება ხუთ დამოუკიდებელ ოლქად (იმერეთი, გურია, აფხაზეთი, სამეგრელო და რაჭა-
-სვანეთი). სამცხე საათაბაგოს თურქეთმა მოსწყვიტა მისი სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები, ე. ი. თანამედროვე ლაზისტანი და ყოფილი ბათუმის ოლქი. თურქეთმა შექმნა ე.წ. ახალციხის საფაშო ფაშათი სათავეში და შემოიღო იქ მაჰმადიანობა.

   XVIII საუკუნეში  სპარსეთში ტყდება დიდი მღელვარებები. აჯანყებულმა ავღანელებმა 1722 წელს ალყა შემოარტყეს ისპაანს, რუსეთმა ისარგებლა ამით და მეფე პეტრე პირველმა 100 000-ზე მეტი კაცით ასტრახანის და კავკასიის გავლით შეუტია სპარსეთს. მან დაიკავა დარუბანდი და ბაქო და დაიძრა სპარსეთის სიღრმეში.

    მეფე ვახტანგ VI, რომელიც ამავე დროს აზერბაიჯანის გუბერნატორი და სპარსეთის შაჰის მხედართმთავარი იყო წინასწარ გაურიგდა რუსეთის მეფეს, უღალატა თავის ძველ სუვერენს და გადავიდა ქრისტიანი მეფის მხარეს. რუსეთის იმპერიალიზმით შეშინებული თურქეთის შეტევა აჩერებს რუსეთის მეფის წინსვლას. თურქეთის შეტევით შეშინებული რუსეთის მეფე სასწრაფოდ უზავდება სპარსეთის შახს და თავისი მოკავშირე ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის გაუფრთხილებლად ცლის როგორც სპარსულ ტერიტორიებს ისე კავკასიას. 1722 წელს პეტრე პირველი ურიგდება თურქეთს და ეს უკანასკნელი იღებს სამხრეთ კავკასიაში ახალი დაპყრობების შესაძლებლობას. თურქეთი იპყრობს ტფილისს, მთლიანად ქართლს და იწყებს კახეთის დაპყრობას. ქართლის მეფე ვახტანგ VI იძულებული გახდა თავის კართან ერთად წასულიყო რუსეთში თავშესაფრის საძიებლად. კახეთში თურქეთი წააწყდა მოსახლეობის შეუპოვარ წინააღმდეგობას. ამ დროს სპარსეთი შახ ნადირის წყალობით ახერხებს თავისი ძველი დიდების აღდგენას. ქართველები თეიმურაზის და მისი შვილი ერეკლეს მეთაურობით სარგებლობენ ამ შემთხვევით და გადადიან სპარსეთის მხარეს. ისინი სპარსელებთან ერთად ამარცხებენ თურქეთის ჯარს და ისევ სწმენდენ ქართლსა და კახეთს. ქართლი და კახეთი გადადიან სპარსეთის ქვეშევრდომობაში იმ პირობით რომ 1733 წელს კახეთის ტახტზე ავა თეიმურაზი, მაშინ როდესაც ქართლს სათავეში ჩაუდგა სპარსეთის გუბერნატორი.

   1742 წელს ქართლში ხდება სახალხო აჯანყება. შახ ნადირი ვერ ახშობს ამ აჯანყებას და თანხმდება 1744 წელს ტახტის გადაცემაზე თეიმურაზის შვილი ერეკლესთვის. ამიერიდან მამა-შვილის შეთანხმებული მოქმედებებით კახეთი და ქართლი ატარებენ საერთო და ერთიან პოლიტიკას ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment