2011/06/24

ვანო ქავთარაძე, კავკასიის კონფედერაციისკენ მიმავალ გზაზე-7

.კნიაზი ღენერალი 
ციციანოვ
რუსეთის ავკაცობანი საქართველოში :
რამოდენიმე ქართველი პატრიოტის გარდა არც ერთმა ქართველმა არ იცოდა თუ რას ნიშნავდა 1801 წლის 18 იანვარს სიონის ეკლესიაში გამოცხადებული პავლე პირველის მანიფესტი და რატომ არ იქნა დაშვებული ტახტზე დავითი.

 რუსეთის მიერ მოსყიდულმა აგენტებმა ამ დროისთვის მოასწრეს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოტყუება და გადაყვანა რუსეთის მხარეს. რუსეთის აგენტებმა ქართველ ხალხს მომხდარი აუხსნეს როგორც გაუგებრობა რომელიც მალე გაირკვევა და ურჩიეს თავი შეეკავებინა უსარგებლო პროტესტისგან და ხმამაღალი გამოსვლებისგან რომელთაც შეეძლოთ მხარეში სიმშვიდის დარღვევა. ამიტომ ქართველი ხალხი თავის წინააღმდეგობაში დაკმაყოფილდა პეტერბურგში დელეგაციის გაგზავნით. ამ დელეგაციას უნდა გაერკვია მომხდარი “გაუგებრობა”.

იმდროინდელ გარემოებათა გამო გამორკვევას რამოდენიმე თვე დასჭირდა . 1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე პირველმა საგანგებო მანიფესტით დაადასტურა პავლე პირველის მიერ დადგენილი მდგომარეობა და ეს რამოდენიმე თვე გამოიყენა საქართველოში თავისი გარნიზონების გასაძლიერებლად და ზოგი გავლენიანი პირის გადასაბირებლად.

ასე შეიქმნა ქართველებისაგან და რუსებისაგან შემდგარი ადმინისტრატიული ორგანო, ერთგვარი კოლექტიური მთავრობა და ასე ფესვშივე აღიკვეთა რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქართველთა რამენაირი გამოსვლის შესაძლებლობა.

რუსეთს საქართველოს მიერთებაში დიდი დახმარება გაუწია სომხურმა არისტოკრატიამ მთავარეპისკოპოსი არღუთინსკის მეთაურობით.

ფაქტიურად საქართველოს დამოუკიდებლობის გამაუქმებელი ახალი “ქართული” მთავრობის სათავეში იდგნენ გენერალი კნორინგი და უკვე ნახსენები კოვალენსკი.

ისინი ორი წლის განმავლობაში მხარეს მართავდნენ უაღრესად ბარბაროსული მეთოდებით, ძარცვავდნენ მოსახლეობას და მდიდრდებოდნენ მის ხარჯზე. ამის შესახებ თავისი წარმომადგენლებისგან შეიტყო მაშინ ჯერ კიდევ ლიბერალის როლის შემსრულებელმა ალექსანდრე პირველმა და მან საქართველოში გააგზავნა გარუსებული ქართველი გენერალი თავადი ციციანოვი რომელსაც მხარის მმართველობისთვის მიანიჭა განუსაზღვრელი უფლებები.

ნიაზი პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი-ციციანოვი (1754-1806)

ციციანოვი ბრწყინვალედ იცნობდა კავკასიელთა ფსიქოლოგიას. ის დაუნდობლად სდევნიდა და სჯიდა მოხელეთა ბოროტმოქმედებებს და უსამართლობებს და რადიკალურად “ამშვიდებდა” საქართველოს და აწყობდა “მშვიდობიან ცხოვრებას”.

უწინარეს ყოვლისა მან საქართველოდან რუსეთში გადაასახლა სამეფო სახლის ყველა წარმომადგენელი და აპატიმრებდა იმათ ვინც არ ასრულებდა მის განკარგულებებს. გენერალმა ლაზარევმა დააპირა დედოფალი მარიამის ძალით გაყვანა მისი აპარტამენტებიდან და დედოფალმა ის ხანჯლით მოკლა.

საქართველოს სამეფო სახლის მოსპობის შემდეგ ციციანოვმა დაიწყო კავკასიის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების დაპყრობა.

დასავლეთ საქართველოს მეფე სოლომონ მეორემ ამასობაში დაამშვიდა მუდამ ჯანყისთავი მთავრები. მას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაქცევის შემდეგ თავი შეაფარა ციციანოვს და ტფილისში მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა.

გრიგოლ დადიანმა ციციანოვთან დადო შეთანხმება რომლის თანახმადაც სამეგრელო უნდა შესულიყო რუსეთში ავტონომიური სამთავროს უფლებით.

ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის (4.XII. 1803) შემდეგ  დადიანი რუსეთი ჯარებთან ერთად დაიძრა იმერეთის მეფე სოლომონის წინააღმდეგ, დაამარცხა ის და დაიკავა სამეგრელო.  მეფე სოლომონმა იძულებით მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და ხელი მოაწერა შეთანხმებას (25.IV.1804) რომლის ძალითაც იმერეთი უნდა შესულიყო რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიისა და მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებით. სამეგრელოს ანალოგიურ პირობებში რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო აფხაზეთის მთავარმა შერვაშიძემ. მათ კვალს გაყვა გურიაც (1807). რამოდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა იმერეთის სამეფოს დამსხვრევა.

მეტიც, რუსეთი მუდამ ერეოდა იმერეთის შიდა საქმეებში, ძალიან ხშირად მეფე სოლომონის ზურგს უკან გამოსცემდა მისი ხელისუფლების შემასუსტებელ განკარგულებებს. მეფის პროტესტები უყურადღებოდ რჩებოდა. პირიქით, რუსეთმა სხვადასხვა საბაბით დაიწყო იმერეთში თავისი ჯარების გაძლიერება. მეფემ იგრძნო რუსეთის მხრიდან საფრთხის მოახლოება. მან დატოვა ქუთაისი და გადასახლდა ახალციხის პროვინციაში. ამავე დროს მან დაიწყო მოლაპარაკებები თურქეთთან რუსეთის წინააღმდეგ კავშირის დასამყარებლად. სოლომონმა უარყო რუსეთის წინადადება ქუთაისში დაბრუნების შესახებ. რუსეთმა ისარგებლა ამით და ქუთაისში გამოაქვეყნა უკვე მომზადებული ალექსანდრე პირველის მანიფესტი მეფე სოლომონ II-ის ტახტიდან გადაყენების და იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ (20.II.1810).

სოლომონი რუსეთს ებრძოდა 1815 წლამდე. 42 წლის სოლომონ მეორე გარდაიცვალა 1815 წლის 7 ნოემბერს და მის სიკვდილთან ერთად შეწყდა მისი ბრძოლაც რუსეთთან.

იმ დროს როდესაც აღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვია დასავლეთ საქართველოს დაცემა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობამ დაინახა რუსული პოლიტიკის ნამდვილი შინაარსი და მიზნები და დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა ოკუპანტთან.

პირველები აჯანყდნენ მთიელები (1802, 1804-5) მათ მიყვა კახეთი, რომელმაც 1812 წელს მოაწყო საერთო სახალხო აჯანყება. 1819-20 წლებში აჯანყდა დასავლეთი საქართველოც. მაგრამ რუსეთმა ცეცხლით და მახვილით ჩაახშო ყველა ეს აჯანყება.

1811 წელს მოსპეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა. ქართული ეკლესია დაუმორჩილეს ე.წ. რუსულ წმინდა სინოდს. კათალიკოს-პატრიარქების მაგივრად საქართველომ მიიღო პეტერბურგის მიერ დანიშნული რუსი ეგზარქოსები.

1828 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დროს ავტონომიური გურია გადავიდა თურქეთის მხარეს რის გამოც დაკარგა ავტონომია და საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს (1829).

ამავე ომის დროს რუსეთმა თურქეთს მოსწყვიტა ერთ-ერთი ძველი ქართული პროვინცია ჯავახეთი საიდანაც თურქეთში გაასახლეს ქართველი მაჰმადიანები და და მათ ადგილას დაასახლეს 30 000 სომეხი ლტოლვილი თურქეთიდან.

60 000 სხვა სომეხი ლტოლვილი ჩაასახლეს ბორჩალოს უეზდში.

რომანტიული ქართველი თავადაზნაურობის უკანასკნელ მცდელობად უნდა ჩაითვალოს 1832 წლის შეთქმულება. რუსეთის უღლისაგან საქართველოს გასანთავისუფლებლად ქართველი თავადაზნაურობის ახალმა მოზარდმა თაობამ დაიწყო მზადება ქართული საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზაციისათვის, მაგრამ 1832 წლის ბოლოს შეთქმულება გაიხსნა და ახალთაობის 38 ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი გადაასახლეს რუსეთის ცივ ჩრდილოურ ოლქებში.

1856 წელს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობა. ჯანყებულებმა გაწყვიტეს რუსეთის მომხრე თავადაზნაურობა, მაგრამ ეს აჯანყებაც წარუმატებელი იყო და სასტიკად ჩაახშეს რუსეთის ჯარებმა. ამის შემდეგ სამეგრელოს წაართვეს ავტონომია და ის შეუერთეს რუსეთს.

1864 წელს ჩრდილო კავკასიის საბოლოოდ დაპყრობის შემდეგ რუსეთმა ავტონომია წაართვა აფხაზეთს რომელიც სოხუმის ოკრუგის სახით ჩართო ქუთაისის გუბერნიაში.

ამდენად 1864 წლის შემდეგ ქრება კავკასიის ცალკეული ნაწილების დამოუკიდებელი თუ ავტონომიური არსებობის უკანასკნელი კვალი. მთლიანად კავკასია დაყვეს გუბერნიებად და ოლქებად რომლებსაც მართავდა რუსეთის იმპერიის სამხედრო-
-პოლიციური ადმინისტრატიული აპარატი.

კავკასიის საბოლოო დაპყრობის ერთგვარი დასასრული იყო 1878 წლის ბერლნის ტრაქტატით ყოფილი ბათუმის და ყარსის ოლქების შეერთება რუსეთთან. რუსეთის ხელში აღმოჩნდა საქართველოს მთელი მაჰმადიანური ნაწილი ლაზისტანის გამოკლებით.

ობიექტურად ეს თითქოს დადებითი ფაქტი იყო ვინაიდან საქართველო გადაურჩა დაგლეჯილ-დაქუცმაცებული პოლონეთის და სომხეთის ბედს; მაგრამ რუსეთი სულაც არ ფიქრობდა საქართველოს კეთილდღეობაზე როდესაც ქართველ მაჰმადიანებს ასახლებდა თურქეთში და მათ მიწებზე ამკვიდრებდა სომეხ ლტოლვილებს თურქეთიდან (არდაგანის და ართვინის ოკრუგები). ეს ფაქტი უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ამ მხარეში თურქეთის ხანგრძლივმა ბატონობამ დააქვეითა მკვიდრთა კულტურული და ცივილიზაციური დონე. ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ სხვა თურქული პროვინციებისგან. რუსეთი გზას უკეტავდა იქითკენ ქართულ ინტელიგენციას. რუსეთი ცდილობდა მაჰმადიანური საქართველოს გაქრისტიანებას და აგზავნიდა იქ თავის რუს მღვდლებს და ამავე დროს აღვივებდა ანტაგონიზმებს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს შორის. მაგრამ რუსეთის მცდელობები უნაყოფო იყო, მან ვერ მიიმხრო მაჰმადიანი ქართველები და, პირიქით, ისინი უფრო თურქეთის სასარგებლოდ განაწყო.

რუსეთის მიერ მთელი კავკასიის დაპყრობის შემდეგ დამთავრდა ქართული თავადაზნაურობის რომანტიზმის პერიოდიც. მისმა ნაწილმა საბოლოოდ მიიღო რუსული ორიენტაცია და კარიერის საძიებლად ჩადგა რუსეთის სამსახურში. მეორე ნაწილი კი ჩაერთო ქალაქური ცხოვრების ორომტრიალში. ეს ცხოვრება განსაკუთრებით განვითარდა კავკასიის მეფისნაცვალი გრაფი ვორონცოვის დროს (მას ძეგლი დაუდგეს ტფილისში). ვორონცოვი მოხერხებულად უწყობდა ხელს ქართველი თავადაზნაურობის გაღატაკებას. ეს თავადაზნაურობა კი მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ რუსეთის სამსახურში ხედავდა. გაღატაკებული თავადაზნაურობა იოლად დაადგა დენაციონალიზაციის გზას, მოსწყდა ქართველ ხალხს და თავის მამულებს უთმობდა არაქართულ ელემენტს.

ამ დროს გამოჩნდა კულტურულ მსოფლიოში გავრცელებული რადიკალური მიმდინარეობებით გატაცებული ქართველების ახალი თაობა. 60-ან წლებში ქართველ პოზიტივისტებს სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე რომელმაც დაიწყო ზრუნვა ქართველი ხალხის აღორძინებაზე. ამ თაობის დამსახურება ძალიან დიდია და მისი წყალობით შეინარჩუნა საქართველომ ქართული სული და ხალხური სიმდიდრე.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა მარქსისტული მატერიალიზმის პლატფორმაზე მდგარი და ეროვნული კულტურის უარმყოფელი ე.წ. სოციალისტურ-ინტერნაციონალური ახალი თაობა. 1905-06 წლებში ამ ახალმა კოსმოპოლიტურმა და სოციალისტურმა თაობამ აჯობა უკვე მოხუც პოზიტივისტურ და ნაციონალისტურ თაობას და ხელში ჩაიგდო ქართველი ხალხის მთელი რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელობა.

1905-06 წლების რევოლუცია საქართველოში ცეცხლით და მახვილით ჩაახშეს. დაწვეს ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ღამოდენიმე ათეული რევოლუციონერი დახვრიტეს, რამოდენიმე ასეული კი გადაასახლეს ციმბირში კატორღულ სამუშაოებზე. გაჩნდნენ ეროვნული გმირები და წამებულები. ქართველი ხალხი ცუდად ერკვეოდა სოციალისტურ ლოზუნგებში. ყველას ვინც გამოდიოდა მჩაგვრელისა და დამპყრობლის წინააღმდეგ ის თვლიდა პატრიოტად და ეროვნული საქმისთვის თავდადებულ, პატივისცემისა და სიყვარულის ღირს ადამიანად.ამის გამო სოციალისტებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას და მათმა სახელმა დაჩრდილა სხვა პოლიტიკურ ჯგუფთა (ნაციონალისტთა და ე.წ. სოციალ-ფედერალისტთა სახელი).

რევოლუციის შემდგომი რეაქციის ხანაში სოციალისტებმა თავისი საქმიანობა გადაიტანეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, უმთავრესად სამეურნეო-კოოპერატიულ ორგანიზაციებში და ისინი თანდათანობით ჩაიგეს ხელში.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქართველო 1914 წელს. ქართველმა თავადაზნაურობამ რუსეთის ჩაგონებით (ამბობდნენ რომ ნიკოლოზ მეორემ ტფილისში ყოფნისას დაიყოლია ქართველები) შექმნეს ორი დრუჟინა (ტფილისის და ქუთაისის) და გაურკვეველი მიზნებით გააგზავნა ეს დრუჟინები თურქეთის ფრონტზე.

სოციალისტებმა კი ომში ნახეს ნაყოფიერი ნიადაგი მათი სოციალისტური პროპაგანდისთვის, ისინი ცდილობდნენ ომის წარმოდგენას ცარიზმის, არისტოკრატიის და ბურჟუაზიის მიერ გამოგონილ ჭირად კაცობრიობისთვის. 1917 წლის მარტის გადატრიალების და მონარქიის დამხობის შემდეგ მთელი ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ძალაუფლება საქართველოში ხელში ჩაიგდეს სოციალისტებმა, მათმა კომიტეტებმა და კავშირებმა.
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment