2011/05/30

პრომოთეიზმი 3

  პრომეთეს ცხოვრება:
მოძრაობას თავიდან განასახიერებს ჟურნალი. ის გამოდის 12 წლის განმავლობაში და ითვლის ასეულობით ავტორს,რომელთა უმრავლესობაც ერთი-ორჯერ თუ დაიბეჭდა. მათ შორის 15-ოდე ავტორი შეიძლება ჩაითვალოს რეგულარულ თანამშრომელად და მათ სულ მცირე ათ-ათი წერილი აქვთ გამოქვეყნებული.


ყველაზე სიტყვაუხვი ავტორები არიან  მ.ე. რესულ ზადე, მუსტაფა ჩოკაი, გიორგი გვაზავა (ჟურნალის მირ იაკუბ-მეჰტიევი. ისინი არიან ჟურნალის ბურჯები; რესულზადე და ჩოკაი არ შემოიფარგლებიან ამ უკვე ისედაც მძიმე საქმიანობით : პირველი ხელმძღვანელობს კავკასიურ ჟურნალებს სტამბოლსა და ბერლინში, მეორე სათავეში უდგას იაშ ტურკისტანს რომელიც ასევე გამოირჩევა დღეგრძელობით და თავს უყრის მრავალ ადამიანს. მნიშვნელოვან ავტორებს შორის წარმოდგენილია ყველა პრომეთეული ერი : უკრაინელები ალექსანდრ შულგინი (ყოფილი მინისტრი ) და მ. დანკო; ჩრდილოკავკასიელები, საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია და მისი წარმომადგენელი ჟენევაში ხარიტონ შავიშვილი. ავტორთა სია ძნელი დასადგენია, ბევრი იმალება ინიციალებისა თუ ფსევდონიმების უკან.

ყველა ან თითქმის ყველა სერიოზულად უდგება საქმეს. ჭერილები ხშირად საინტერესო და კარგად დაწერილია. კარგი იქნებოდა მეტის ცოდნა ორგანიზაციაზე რომელიც იძლეოდა საბჭოთა კავშირიდან ფარულად ჩასული უზარმაზარი ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, გადამუშავების საშუალებას. ცხადია რომ მოძრაობის ყველა ჟურნალი ერთმანეთს გადასცემდა ინფორმაციას, ახალ ამბებს, მაგრამ ბევრი არაფერია ცნობილი ინფორმატორების შესახებ თუ კი ეს არაა მხოლოდ დათიკო შარაშიძე რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე ამ როლს ასრულებდა სტამბოლში.   პრომეთეს ცხოვრება არ შემოიფარგლებოდა ამით. ლტოლვილთა ამ პატარა საზოგადოების წევრები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. 1931-1933 წლებში, მაგალითად, მოძრაობის ცენტრში იმართებოდა პრომეთეს შეკრებები : იწვევედნენ ხოლმე მომხსენებელს, პრომეთეელს, მაგალითად მირ იაკუბ-მეჰტიევს, მ. ჩოკაის ან გ. გვაზავას, ან გარეშე პირს, მაგალითად უკრაინელებს კოვალსკის ან ჟერემიჯევს. Mოხსენებები ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს და, ესაა მოძრაობის ერთ-ერთი თავისებურება, პრომეთეელებს აინტერესებდათ როგორც მათ ისე სხვა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა. ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშები მოწმობენ იმაზე რომ იმართებოდა გაცხოველებული დებატები, განსაკუთრებით მზაფრი იყო კამათი როდესაც შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსები.
მიუხედავად ამისა ინფორმაციას ლტოლვილთა შესახებ აქვს თავისი საზღვარი: არაფერია ცნობილი პრომეთეული მოძრაობის შინაგან დინამიკაზე, დაპირისპირებებზე, ტენდენციებზე რომელთაც აუცილებლად უნდა ეარსებათ. არაფერია ცნობილი მოძრაობის ფუნქციონირებაზე და მის ორგანიზაციაზე, მოძრაობის ხელმძღვანელობაზე, მის წარმომავლობაზე, მართვაზე, ფონდებზე, გადაწყვეტილებათა მიღების წესებზე. ყველაფერი ეს დღეს ბუნდოვანია. ესაა მოძრაობის ჟურნალთა ყველაზე სუსტი ასპექტი ვინაიდან მათ სურთ მკითხველების დარწმუნება იმაში რომ მოძრაობაში სუფევს ერთსულოვნება, რომ მოძრაობას ამოძრავებს მხოლოდ პატრიოტიზმი და ანტიკომუნიზმი, რაც ნაკლებად დასაჯერებელია. ჟურნალები არაფერს ამბობენ არც დაფინანსებაზე და არც მოძრაობის

“ პრომეთეს შეკერებების” გარდა ჟურნალებში ლაპარაკია სხვა შეხვედრებზეც. ლტოლვილთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია პანაშვიდები და სამახსოვრო დღეები. ისინი აცოცხლებენ კოლექტიურ მეხსიერებას. ძალიან დატვირთული იყო მაისი : აღინიშნებოდა კავკასიის ოთხი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღები. მათ ერთდროულად აღნიშნავდნენ ბერლინში, ვარშავაში, სტამბოლში, პრაღაში, პარიზში. ამ მოვლენებისათვის პატივის მისაგებად იკრიბებოდა ძალიან ბევრი ხალხი. შემდეგ იძალა უიმედობამ და ინტერესების დაკარგვამ. 1937 წელს კავკასიის დღესასწაული აღინიშნა ინტიმურ ვითარებაში და დასრულდა ა.მ. თოფჩიბაშის ქვრივის ვიზიტით.

  აღინიშნებოდა გლოვის თარიღებიც : საჭიროა გადაცემა ცოდნისა მტრის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ოქტომბრის რევოლუციის, სიმონ პეტლიურას მკვლელობის წლისთავების დროს. ამ დღესასწაულებს და შეკრებებს ესწრება გაერთიანებული და სოლიდარული პრომეთეული სამყარო : 1933 წლის კავკასიის დღესასწაულზე კავკასიელი ძმების წინაშე ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა თურქესტანელი მ. ჩოკაი. იქ ყოველთვის არის სომხური დელეგაციაც ( რომლის პოლიტიკური ტენდენციაც არასოდეს არაა დაზუსტებული). აუცილებლად ესწრებიან მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებიც (პოლონელები, ჟენეველები, ფრანგები, პარიზის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ე. ევა, საფრანგეთის ყოფილი მთავარი წარმომადგენელი კავკასიაში ა. შევალეი).

და ბოლოს “ პრომეთეში” რეგულარულად ქვეყნდება პრესის მიმოხილვა რომელიც ყოველთვის აღნიშნავს ახალი ჟურნალების გამოსვლას სტამბოლში, ბერლინში თუ ვარშავაში. ხშირად გადმობეჭდავენ ხოლმე ამ ძმობილი ჟურნალების სარედაქციო თუ მნიშვნელოვან წერილებს. ჩოკაი ასრულებს ამ დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის უზარმაზარ სამუშაოს. ის აგროვებს ყველაფერს რაც 4-5 ენაზე იბეჭდება საბჭოთა თუ თურქულ-მაჰმადიანურ სამყაროში. მის არქივებში დაცულია ჟურნალ-გაზეთებიდან ამონაჭრებით, კომენტირებული წერილებით, “პრომეთეში” თუ “ იაშ ტურკისტანში” დასაბეჭდად გამზადებული მასალებით სავსე ყუთები. ისინი მოწმობენ ლტოლვილთა დაუღალავი მუშაობის შესახებ. მით უფრო ცხადი ხდება მათი გამწარება და იმედგაცრუება როდესაც 1934 წლისთვის გაირკვა რომ მათი ძალისხმევა ამაო იყო.

 პრესის მიმოხილვები გვიჩვენებს რომ მოძრაობის მონაწილეები განურჩევლად ეროვნებისა დრო და დრო იბეჭდებოდნენ ყველგან. მათთვის ღია იყო პრომეთეული მოძრაობის ყველა ჟურნალი.


რომეთეს საყრდენები, პოლონეთი :

  პოლონეთის მხარდაჭერა უხმაუროა, მაგრამ ზოგი ნიშანი ლაპარაკობს მის მნიშვნელობაზე. ამაზე მოწმობს კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მე-10 წლისთავის აღნიშნვა ვარშავაში 1928 წლის 27 მაისს. 1935 წლის 31 მაისიდან 2 ივნისამდე ვარშავაში პრომეთეს მოძრაობის ლინგვისტური კონგრესის გამართვა თუ ის განსაკუთრებული პატივი რაც ჟურნალმა “პრომეთემ” მიაგო პილსუდსკის მისი გარდაცვალების შემდეგ. პოლონეთს ამ მხარდაჭერისთვის აქვს სამეცნიერო იარაღი, ვარშავის აღმოსავლური ინსტიტუტე. ის გამოსცემს ჟურნალს “ვსხოდ” ( “ აღმოსავლეთი”, 1930-1939) და მან “პრომეთესთან” ერთად ვარშავაში მოაწყო რუმინული დობრუჯას თათრების შეხვედრა პოლონელ თათრებთან. ამ მხარდაჭერის უხმაურო მოწმეა აგრეთვე რესულზადეს “ისტიკლალი”.

  ხსნის თუ არა ეს ფინანსური მხარდაჭერა მოძრაობის ფინანსურ წყაროებს? «პრომეთე» და სხვა ჟურნალები ვერ იარსებებდნენ აბონემენტებით. პრომეთეელთა ხელმძღვანელების განუწყვეტელი გადაადგილება პარიზიდან ბერლინში, ვარშავადან სტამბოლში, აიაზ იშაკის მნიშვნელოვანი მისია შორეული აღმოსავლეთის თათრებთან, ყოველივე ამისთვის საჭირო იყო ფული. პრომეთეული ისტორიის ეს ასპექტი ეხლა იძლევა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის საშუალებას.


შვეიცარული და ფრანგული საყრდენები :

პრომეთეული მოძრაობის ფინანსური საყრდენები დღეს უცნობია, მაგრამ პოლიტიკურ და მორალურ მხარდამჭერთა ვინაობის დადგენა უფრო ადვილია. ორი მათგანი საკმაოდ ნათლად ჩანს.

  ერთა ლიგაზე გავლენის მოსახდენად აუცილებელია ჟენევაში მუდმივად ყოფნა. ამ ქალაქში პრომეთეელებს შეუძლიათ დაყრდნობა “ჟურნალ დე ჟენევის” დირექტორ ჟან მარტაზე. ის ნამყოფია დამოუკიდებელ საქართველოში და 1921 წლიდან იბრძვის დევნილობაში მყოფი მთავრობის აღიარებისთვის. ისაა თავმჯდომარე ჯგუფისა “საერთაშორისო კომიტეტი საქართველოსთვის”. ამიტომაა რომ ქართველები მყარად დამკვიდრდნენ ჟენევაში. იქ ბინა აქვს ჯგუფს “ასოციაცია საქართველოსთვის”. ჟან მარტინი და მისი ჟურნალის თანამშრომლები დრო და დრო წერენ “პრომეთესთვის”.მაგრამ შვეიცარული საყრდენების ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა ჯუზეპე მოტა, რომელიც ოცი წლის მანძილზე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთა ლიგის მომხსენებელი რეფერენტი. “პრომეთე” უსაზღვროდ მადლიერია ამ ადამიანისა რომელმაც 1922 წელს ხმა მიაცემინა საქართველოს სასარგებლოდ და რომელიც წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა კავშირის მიღებას ერთა ლიგაში (1934).

საფრანგეთში მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო “საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტი” რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მფარველობით დაარსდა 1913 წელს. 1929 წელს მისი თავმჯდომარეა პოლ დუმე, სენატის თავმჯდომარე; ხელმძღვანელებს შორის არიან გენერლები, ყოფილი მინისტრები; საპატიო წევრებს შორის არის კლოდ ფარერი; ინიციატორებს შორის არიან ა.მ. თოფჩიბაში და ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი; თურქეთის ელჩი პარიზში ფეთი ბეი, ჩაგრულ ეროვნებათა წარმომადგენლები, მაგალითად ჩოკაი.

საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტის ხსენება “პრომეთეში” ჩნდება მეორე ნომრიდან. ჟურნალი აქვეყნებს ანგარიშს ფრანგულ-კავკასიურ-სომხური მიღების შესახებ (1927) რომელსაც ესწრებიან აღმოსავლური ენების სკოლის დირექტორი, მინისტრები, დიპლომატები, პარიზული პრესის წარმომადგენლები, თურქოლოგები ( მაგალითად ჟოზეფ კასტანე, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ჩოკაისთან) და სხვ. საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტი ხშირად აწყობს ხსოვნის საღამოებსაც. პრომეთეელები, მაშ, ცხოვრობენ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით რაც მათ აძლევს პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, სწავლულებთან და ჟურნალისტებთან პირადი ურთიერთობების დამყარების საშუალებას (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment